ევროკომისიამ სანქციების მე-18 პაკეტი წარადგინა, რომელიც მოსკოვის ენერგეტიკის სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„რუსეთის მიზანი მშვიდობა არ არის. ძალა არის ერთადერთი ენა, რომელსაც რუსეთი გაიგებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის Nord Stream-ის მილსადენთან მიმართებით გადარიცხვებისა და სანქციებისგან თავის არიდებაში ჩართული ბანკების აკრძალვასაც მოიცავს. ამასთანავე, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ "დიდი შვიდეულის" მიერ დაწესებული ზღვარი რუსულ ნედლ ნავთობზე ბარელზე $60-დან ბარელზე $45-მდე შემცირდეს.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი შეეხება რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებს, მათ შორის ჩრდილოვან ფლოტს, მის სამხედრო ინდუსტრიასა და საბანკო სექტორს“.
"რუსეთი თავისი ომის ესკალაციას ახდენს. ამიტომ, ჩვენ მის შესაჩერებლად წნეხს ვზრდით," - თქვა კალასმა.