თამარ ტალიაშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება და ეს ქმედით ნაბიჯებში აისახება.
„თამარ ტალიაშვილი გამოირჩევა, რამდენად გულით უდგება თავის საქმეს. ასევე გამოირჩევა, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე. ამ ბოლო დროს გამოწვევად გვექცა, რომ ადამიანი ასეთ მნიშვნელოვან პოზიციას თუ იკავებს, ის თავისი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. თუ ვინმეზე შეიძლება აიღო გარანტია, ერთ-ერთი თამარ ტალიაშვილია – ის ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს, სადაც არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, თუმცა არც ახლა და არც მანამდე არც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, არც პირდაპირი ფრენები, რეგიონშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ვიზების გაცემის თვალსაზრისით. შესაბამისად, მხოლოდ საუბარი არ გვჭირდება, რაც უნდა ლამაზი სიტყვები გვითხრან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რას გააკეთებს მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის. მეგობრობის ხარისხიც ამით განისაზღვრება. როცა ელჩი ინიშნება, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც სახვეწარი აღარ გაგვიხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიცემა, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა. აქ დავრწმუნდებით, რომ მართლა გადაიტვირთა ურთიერთობები. მთავარია, ქმედითი შედეგები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება.