პოლონეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ის მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ამ ეტაპზე მე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი ვარ“, - თქვა მან.
ამავდროულად, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთმა „მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“.
მან დასძინა, რომ პოლონეთისთვის და მთელი რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
"[რუსეთი] პოსტიმპერიული, ნეოკომუნისტური სახელმწიფოა, რომლის სათავეში ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინი დგას. მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, სადაც, სხვათა შორის, მდევნიან, როგორც ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პრეზიდენტს. მე ხუთწლიანი პატიმრობა მემუქრება“, - აღნიშნა მან.
ნავროცკის თქმით, ერთი მხრივ, მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში, მაგრამ უკრაინას უნდა ესმოდეს, რომ სხვა ქვეყნებს საკუთარი ინტერესები აქვთ.
„ერთი მხრივ, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლაში, მაგრამ უკრაინას უნდა ესმოდეს, რომ სხვა ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთსა და უნგრეთს, და სხვა ევროპულ ქვეყნებს, საკუთარი ინტერესები აქვთ. მაგალითად, პოლონეთს ასეთი ინტერესი აქვს ვოლინის მსხვერპლთა ექსჰუმაციის მიმართ.
საარჩევნო კამპანიის დროს მე არ ვეთანხმებოდი და, როგორც პრეზიდენტი, არც დავეთანხმები უკრაინასთან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას პოლონეთის სოფლის მეურნეობის ან ლოჯისტიკის სექტორთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე კომპრომისისა და კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. მე ვხედავ უკრაინას, როგორც ქვეყანას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მამაცურად იცავს თავს რუსეთის ფედერაციისგან, ასევე უნდა პატივი სცეს სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც უჭერენ მხარს უკრაინას,“ - განაცხადა ნავროცკიმ.