დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს მიაწვდის, რაც წინა მიწოდებებთან შედარებით ათჯერ მეტია. მიწოდება 2026 წლის აპრილამდე გაგრძელდება.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 350 მილიონი ფუნტი სტერლინგის (473 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების დრონების პაკეტი უკრაინისთვის 4.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია. იუწყება Reuters.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი დახმარების გაწევის შესახებ განცხადებას ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთებს. შეხვედრაში 50 ქვეყანა მონაწილეობს.
„დიდი ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, წელს ასობით ათასი დამატებითი დრონის მიწოდებით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების კუთხით მნიშვნელოვან ეტაპს ასრულებს“, - განაცხადა ჰილიმ შეხვედრის წინ.
ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა გაიხსენეს, რომ მათ უკვე მიაწოდეს უკრაინას 140 000 საარტილერიო ჭურვი და წელს კიდევ 247 მილიონ ფუნტ სტერლინგს დახარჯავენ უკრაინელი ჯარების წვრთნაზე.
გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა გააცნობიერეს, რომ დრონებმა შეცვალეს ომის წარმოების წესი.
მთავრობამ სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვაც კი დაამტკიცა, რომელიც ახალი საფრთხეების, მათ შორის რუსეთთან შესაძლო ომის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ძლიერი, ტექნოლოგიურად მოწინავე არმიის შექმნას ითვალისწინებს.