მოლაპარაკებები სტამბოლში საჭიროა არა კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისთვის, ამაშია რუსეთის მემორანდუმის არსი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი წერს.
მისივე თქმით, შურისძიება გარდაუვალია და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ, გაქრებიან.
„სტამბოლში მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაცის მიერ გამოგონილი არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისა და ნეონაცისტური მთავრობის სრული განადგურებისთვის. ეს არის რუსული მემორანდუმის აზრი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, რუსი სამხედროები აქტიურად მიიწევენ წინ და გააგრძელებენ შეტევას.
„ჩვენი არმია აქტიურად მიიწევს წინ და გააგრძელებს წინსვლას. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ - გაქრებიან“, - აღნიშნა მედვედევმა.