თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა მონაწილეობა მიიღოს უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრაში.
ლევიტმა გაიმეორა ტრამპის სიტყვები, რომ „ის ღიაა“ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, „თუ საქმე აქამდე მივა“.
„მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. და ჩვენ ვნახეთ, როგორ გააკეთეს მათ ეს დღეს პრეზიდენტ ტრამპის თხოვნით“, - დასძინა მან.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრეა.
„ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. და პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს. მან ეს ორივე ლიდერს ნათლად განუცხადა, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად“, - თქვა ლევიტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თურქული მხარე იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებას სტამბოლში ან ანკარაში შეძლებს.
მანამდე, თურქეთის, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრის იდეა ანკარის სახელით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გააჟღერა. ორშაბათს მას მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.