უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება.
კვირას უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და ასევე „განსაზღვრა პოზიციები ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე“.
„პირველი - სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე - ტყვეების გათავისუფლება. მესამე - გატაცებული ბავშვების დაბრუნება. და საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის - მომზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ დასძინა, რომ ორშაბათს უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.