მითიური „მემორანდუმისგან“ განსხვავებით, ჩვენ ნათლად ვხედავთ და გვესმის რუსეთის რეალური „გზავნილები“ - მისი რაკეტები და დრონები - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა Х-ზე წერს.
სიბიჰა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც რუსული საჰაერო თავდასხმის დროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ხმა ისმის.
„მოუსმინეთ ხმებს ჩემი სახლის თავზე - და ათასობით უკრაინული სახლის თავზე - დღეს დილით. საჰაერო თავდაცვა რუსულ დარტყმებს იგერიებს. გუშინდელი ღამიდან უკრაინა მასშტაბური საჰაერო თავდასხმების ქვეშაა. ბალისტიკური, ფრთოსანი და კასეტური რაკეტები, ასევე ასობით დრონი, ქვეყნის მასშტაბით ხალხს ესხმის თავს“, - წერს ის.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს, მიუხედავად მშვიდობაზე საუბრის დემონსტრაციული სურვილისა, ამ მშვიდობის შესახებ თავისი ხედვა „მემორანდუმის“ სახით არ წარუდგენია, ამის ნაცვლად კი „უკრაინის წინააღმდეგ ახალ სასიკვდილო თავდასხმებს იწყებს. მითიური „მემორანდუმისგან“ განსხვავებით, ჩვენ ნათლად ვხედავთ და გვესმის რუსეთის რეალური „გზავნილები“ - მისი რაკეტები და დრონები“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ის „მშვიდობის სერიოზულად აღქმას“.
რუსეთმა განაცხადა, რომ სტამბოლში, 2 ივნისს, უკრაინასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდზე წარადგენს „მემორანდუმს“, რომელშიც იქნება წინადადებები ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ.
ამავდროულად, კიევმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შედეგის მისაღწევად, მათ „მემორანდუმი“ წინასწარ უნდა მიეწოდოს.