გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი, შაიხა ალ ნოვაისი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ავრცელებს.
პირველ ეტაპზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა, რომელიც კონკურენტუნარიანად არ მიიჩნეოდა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რის შემდეგაც მეორე ტური არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საბერძნეთს შორის გაიმართა.
მეორე ტურში ნოვაისმა 24, ხოლო საბერძნეთის წარმომადგენელმა 11 ხმა მიიღო.
შაიჰა ალ ნოვაისი დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობას 2026 წლის იანვრიდან დაიკავებს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ზურაბ პოლოლიკაშვილი ორი ვადით იკავებდა. პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება. ორივეჯერ თანამდებობაზე პოლოლიკაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია 14 მაისს გავრცელდა. მთავრობის ადმინისტრაციაში განმატეს, რომ თავდაპირველად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.