აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი ტარიფების ორმხრივი შემცირების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებTruth Social-ში წერს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებამდე „ჩინეთი სერიოზული ეკონომიკური საფრთხის წინაშე იდგა“ და „რბილად რომ ვთქვათ, სამოქალაქო არეულობაში იმყოფებოდა“.
„ორი კვირის წინ ჩინეთი სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხეში იყო. ჩემ მიერ დაწესებულმა ძალიან მაღალმა ტარიფებმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა ჩინეთისთვის ვაჭრობა შეერთებული შტატების ბაზარზე, რომელიც, უდავოდ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს მათთვის დამანგრეველი იყო. ბევრი ქარხანა დაიხურა და, რბილად რომ ვთქვათ, „სამოქალაქო არეულობა“ მოხდა. ვხედავდი, რა ხდებოდა და ეს არ მომეწონა, მათთვის და არა ჩვენთვის. სწრაფად დავდე შეთანხმება ჩინეთთან, რათა გადამერჩინა იმ სიტუაციიდან, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი იქნებოდა და არ მინდოდა ამის ნახვა. ამ შეთანხმების წყალობით, ყველაფერი სწრაფად დასტაბილურდა და ჩინეთი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა. ყველა ბედნიერი იყო. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩინეთმა სრულად დაარღვია ჩვენთან დადებული შეთანხმება, რაც, შესაძლოა, ზოგიერთისთვის გასაკვირი არც იყოს“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეთანხმების თანახმად, შეერთებულ შტატებს ჩინურ საქონელზე ტარიფები დროებით 145%-დან 30%-მდე უნდა შეემცირებინა, ხოლო ჩინეთი ამერიკულ იმპორტზე გადასახადებს 125%-დან 10%-მდე შეამცირებდა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შექმნიან „მექანიზმს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ დისკუსიების გასაგრძელებლად“.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტზე ტარიფები 145%-მდე გაზარდა, ხოლო პეკინმა, საპასუხო ზომების სახით, ამერიკულ საქონელზე ტარიფები 125%-მდე გაზარდა.