უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის, თუმცა ის ჯერ კიდევ ელოდება მოსკოვისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „მემორანდუმის“ დაპირებულ ტექსტს, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა.
„რაც შეეხება თურქეთში შეხვედრებს, ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ შეხვედრების გაგრძელებით. ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი წელს დასრულდეს. ჩვენ დაინტერესებული ვართ ზავის დამყარებით. უკრაინა ამ საკითხს რუსეთთან ღიად და პირდაპირ განიხილავს. ჩვენ ეს დავადასტურეთ ჩვენი დელეგაციების ბოლო შეხვედრებზე რუსულ მხარესთან,“ - განაცხადა სიბიჰამ.
მან დასძინა, რომ სტამბოლში წინა შეხვედრის შედეგების შემდეგ, უკრაინამ რუსულ მხარეს უკვე გააცნო თავისი ხედვა შემდგომი ნაბიჯებისა და მომავალი ცეცხლის შეწყვეტის პარამეტრების შესახებ.
„ასევე, როგორც გამოცხადდა, ველოდებით რუსული მხარის მემორანდუმს. ჩვენ მას წინსწრებით ველოდებით. ამას ამერიკულ მხარესაც დაჰპირდნენ. იმისათვის, რომ დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა არსებითი იყოს, მნიშვნელოვანია დოკუმენტის წინასწარ მიღება“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიჰამ.
მან განმარტა, რომ ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოლაპარაკებებზე წასულ დელეგაციას ჰქონდეს უფლებამოსილება განიხილოს შესაბამისი პოზიციები.