ერთ შემთხვევაშიც [მარკო რუბიოს განცხადება] და მეორე შემთხვევაშიც [დონალდ ტრამპის განცხადება], მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის რეაქციები არის გადაჭარბებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მისი თქმით, არც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებები უნდა იყოს შეშფოთების საგანი ქართული საზოგადოებისთვის და არც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი მილოცვა და ობიექტური დამოკიდებულება უნდა იყოს გადაჭარბებულად შეფასებული.
„რუბიოს ამ წერილის ინტერპრეტაციაზე იყო შეშფოთება - რატომ თქვა ამ კაცმა ასე. და ტრამპის ერთ ჩვეულებრივ მილოცვაზე, ობიექტურ დამოკიდებულებაზე იყო რამე. პირდაპირ ვამბობ, არც აღსაფრთოვანებელია არაფერი იმაში, რომ ადამიანი ობიექტურად ამბობს სიმართლეს, მოცემულობით ვართ აღფრთოვანებული და ვაიმე, რა მაგარია - ესეც გადაზედმეტებულია. შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ, ესეც შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რა მოხდა ისეთი, დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები. მანამდე, რუბიოს სიტყვების ინტერპრეტაცია, რომ ქართველ ხალხს [მიულოცა], აქაც რა არის შესაშინებელი? წინა დღეებშიც, [მარკო რუბიომ] ჟურნალისტს რაღაც პასუხი გასცა ზოგად კონტექსტში და ერთი მხრივ პანიკა, მეორე მხრივ რაღაც სიხარული - გადაჭარბებული რეაქციებია.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.