ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ოფიციალურად გააუქმა.
გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირმა 2025 წლის 20 მაისს გაკეთებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმალიზება მოახდინა, რათა სირიელ ხალხს დაეხმაროს ხელახლა გაერთიანებაში და ახალი, ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი სირიის აღმშენებლობაში.
გადაწყვეტილების ფარგლებში ევროკავშირმა სასანქციო სიებიდან ამოიღო 24 სირიული კომპანია და ორგანიზაცია, მათ შორის სირიის ცენტრალური ბანკი, სხვა ბანკები. ასევე კომპანიები, რომლებიც ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში მუშაობენ: ნავთობის მოპოვება, ნავთობის გადამუშავება, ბამბის წარმოება და ტელეკომუნიკაციები, მედიაორგანიზაციები და ტელეარხები.
ამასთან, ევროკავშირმა ძალში დატოვა ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებული პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციები და მათი მოქმედება 2026 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 20 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. კალასის თქმით, ევროკავშირი ბოლო 14 წლის განმავლობაში ყოველთვის უჭერდა მხარს სირიელებს და ამას კვლავაც გააგრძელებს.„ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ სირიელ ხალხს ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აშენებაში“, - განაცხადა კალასმა.