გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ამის გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, რუსტემ უმეროვმა, ბერლინში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინული წარმოების შორი დისტანციის იარაღის მიწოდების დაფინანსების შესახებ.
გარდა ამისა, უკრაინასა და გერმანიის სამხედრო ინდუსტრიას შორის კონტრაქტი გაფორმდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი მხარდაჭერის საერთო მოცულობა დაახლოებით ხუთი მილიარდი ევრო იქნება.
თანხა ბუნდესტაგის მიერ უკვე დამტკიცებული სახსრებიდან იქნება გამოყოფილი.
შეთანხმება ასევე ეფუძნება გერმანიის ვალდებულებას, პირდაპირ ინვესტირება მოახდინოს უკრაინის იარაღის წარმოებაში.
გერმანია ასევე გააგრძელებს საბრძოლო მასალის მიწოდებას სხვადასხვა სამხედრო სისტემებისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
ბერლინი ასევე დააფინანსებს უკრაინაში სარემონტო ობიექტებს, რითაც გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგრადობას.
გერმანელები ასევე დააფინანსებენ სამედიცინო აღჭურვილობას, რომელიც ასევე უკრაინაშია წარმოებული.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ სატელიტური კომუნიკაციების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსება უკვე დასრულებულია.
„უკრაინის სამხედრო ინდუსტრიაში ნაწილობრივ პირდაპირი ინვესტიციები და შეიარაღების კომპანიებს შორის თანამშრომლობა გერმანიის მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გრძელვადიანი და მდგრადი გაძლიერებისთვის,“ - აღნიშნულია გერმანული უწყების განცახდებაში.