ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, რომელიც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო, - ასე აფასებს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.
კუპრაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში ისვრის“.
„ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რის ფარგლებშიც საკუთარ მხარდამჭერებს და მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში ისვრის, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არის, მათ შორის დღეს გომელაურის გადადგომა. ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, რომელიც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გომელაური აპირებდა გადადგომას. გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს, „ხარებას“ და ა.შ. ივანიშვილი თითოეულ სანქცირებულ პირს და ჩინოვნიკს მოიშორებს, სანაგვეში მოისვრის იმიტომ, რომ ისინი არიან მისთვის ერთჯერადი ნივთები, რომელიც არ დასჭირდება. მისი უსაფრთხოების გამო, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გაანადგურებს მის მხარდამჭერებსა და გუნდს“, -განაცხადა კუპრაძემ.