რუსეთი ვატიკანს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების სერიოზულ პლატფორმად არ მიიჩნევს, რადგან წმინდა საყდარი კათოლიციზმის ცენტრია და გარშემორტყმულია იტალიით, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრია. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ სტრუქტურებსი მყოფ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების მიერ მოყვანილ მიზეზებს შორისაა ის, რომ რუსეთიც და უკრაინაც უპირატესად მართლმადიდებლური ქვეყნებია და რომ იტალია მხარს უჭერს უკრაინას და არაერთხელ დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
გარდა ამისა, წყაროების ცნობით, დასავლეთის სანქციების გამო ბევრ რუს მაღალჩინოსანს ფიზიკურად არ შეუძლია იტალიაში გაფრენა.
„ვატიკანი რუსეთში აშკარად არ აღიქმება სერიოზულ ძალად, რომელსაც შეუძლია ასეთი რთული კონფლიქტის მოგვარება“, - განუცხადა გამოცემას რუსულმა წყარომ.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ხუმრობით თქვა კიდეც, რომ ვატიკანზე უკეთესი ადგილი მხოლოდ ჰააგა იქნებოდა, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე მინიშნებაა, რომელმაც ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა ომის დანაშაულების ბრალდებით.
ვატიკანს ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ პაპი ლეო XIV მზად არის უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს.