ისრაელის თავდაცვის ძალებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ მათ ყურადღება ჰამასთან ბრძოლიდან ღაზის ტერიტორიის დაკავებასა და საკვების განაწილების კონტროლზე გადაიტანეს. ამის შესახებ ტელეარხი Euronews ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
„ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორ თვეში ღაზის სექტორის 75%-ზე კონტროლის დამყარებას გეგმავენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ისრაელი აგრძელებს შეტევის ესკალაციას ღაზაში, რასაც ის ჰამასზე ზეწოლის მცდელობად მიიჩნევს დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მიზნით“, - - იტყობინება ადგილობრივი მედია.
ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს აამოქმედებს დახმარების მიწოდების ახალ მექანიზმს, პალესტინელ მოსახლეობას ღაზის სექტორში სამ პატარა ზონაში გადაიყვანს და შემდეგ ღაზის დარჩენილ სამ მეოთხედს დაიკავებს გაფართოებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში მათი ახალი შეტევის მიზანი არ არის ჰამასთან ბრძოლა, არამედ ტერიტორიის დაკავება, საკვების განაწილების კონტროლი და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება.
ჰამასმა ადრე განაცხადა, რომ მძევლებს გაათავისუფლებდა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელის ჯარების ტერიტორიიდან გაყვანის სანაცვლოდ.
Euronews-ისცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ეს პირობები და განაცხადა, რომ ისრაელი გეგმავს „მთელ ღაზაზე კონტროლის აღებას“ და სურს შექმნას ახალი დახმარების განაწილების სისტემა, რომელიც გვერდს აუვლის მებრძოლებს.
მედია ასევე იხსენებს, რომ ისრაელმა თითქმის სამი თვის განმავლობაში დაბლოკა ღაზაში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის შეტანა, რამაც გლობალური კრიტიკა და ეშფოთება გამოიწვია შიმშილობის რისკის გამო.