სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებული ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლის მესამე ეტაპის ფარგლებში, 25 მაისს მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს კიდევ 303 სამხედრო ტყვე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაცვლის შემდგომი ეტაპები არ იგეგმება.
"სტამბოლში მიღწეული შეთანხმების თანახმად, 23-დან 25 მაისამდე, რუსეთმა და უკრაინამ განახორციელეს ტყვეთა გაცვლა ფორმულით 1000-1000-ზე“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე.
"უკრაინის 303 დამცველი სახლში. 1000-1000-ზე გაცვლის მესამე ეტაპი, რომელიც შეთანხმებული იყო თურქეთში, დასრულდა".
ზელენსკის თქმით, გაცვლის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური ტრანსპორტის სამსახურის სამხედროები უკრაინაში დაბრუნდნენ.
ერთი დღით ადრე, 24 მაისს, რუსეთმა და უკრაინამ, პატიმართა ფართომასშტაბიანი გაცვლის მეორე ეტაპის ფარგლებში, ერთმანეთს 307 სამხედრო მოსამსახურე.
23 მაისს, რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა ერთმანეთს 390 ადამიანი გადასცეს - 270 სამხედრო და 120 მშვიდობიანი მოქალაქე.