ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა შეეხებოდა ორ მნიშვნელოვან საკითხს - ზურა ჯაფარიძის დაკავებას და ზოგადად პოლიტიკურ რეპრესიებს ქვეყანაში და სირიის ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამას უნდა აკეთებდეს ქართული დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ ისინი მხოლოდ ივანიშვილს ემსახურებიან.
“ტრადიციულად, როგორც მოგეხსენებათ მე ელჩის პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ, მე შემიძლია გავიმეორო ჩვენ რა საკითხები დავსვით, უპირველეს ყოვლისა ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და პოლიტიკური რეპრესიები ქვეყანაში, რომელიც ანტიევროპული, ანტიქართული, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ამდენი დეკადის განმავლობაში იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი არა მხოლოდ ცივილიზაციურად, არამედ ასევე ინსტიტუციურად, ასევე ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებაზე, რაც არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, იმისთვის, რომ შესაბამისობაში მოვიდეს სირიის ხელისუფლების პოზიცია ცივილიზებულ სამყაროსთან, განსაკუთრებით ეს აქტუალური გახდა, რაც კაია კალასმა განაცხადა, რომ მოიხსნება სანქციები, იგივე განცხადება გააკეთა პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა, ასე რომ სირიის მხრიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღება ახლა ახალ მნიშვნელობას იძენს და ეს არის საკითხი, რომელზეც მთელი ქართული დიპლომატია უნდა მუშაობდეს, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის მსახურებით არის დაკავებული და ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, ამიტომ ეს იყო ის ორი ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.