დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას მავრიკთან, რომლის თანახმადაც, მას გადაეცემა ინდოეთის ოკეანეში მდებარე ჩაგოსის არქიპელაგი, სადაც ასევე აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაადასტურა მავრიკთან ჩაგოსის არქიპელაგთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც დროებით დაბლოკილი იყო ინგლისის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
აკრძალვა გამოცხადდა ორი ჩაგოსელი ქალის სარჩელის საპასუხოდ, რომლებიც კუნძულების მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდნენ და რომლებიც ათწლეულების წინ გამოასახლეს აშშ-ის ბაზის განსათავსებლად ადგილის გასათავისუფლებლად.
თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ სხვა მოსამართლემ აკრძალვა გააუქმა, რითაც შეთანხმების ხელმოწერას გზა გაუხსნა.
2024 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთი დათანხმდა მავრიკისთვის ინდოეთის ოკეანის არქიპელაგის გადაცემას, რომლის უდიდესი კუნძული დიეგო გარსიას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზას და ბომბდამშენების ბაზას მოიცავს.
ხელმოწერილი შეთანხმების პირობების თანახმად, დიდი ბრიტანეთი ბაზას სულ მცირე 99 წლით (რომლის გაგრძელებაც კიდევ 40 წლით შეიძლება) იჯარით გადასცემს წელიწადში 101 მილიონ ფუნტ სტერლინგად.
ასევე გათვალისწინებულია, რომ დიდი ბრიტანეთი დააფინანსებს ჩაგოსის განვითარების პროგრამებს და აიღებს „სრულ პასუხისმგებლობას“ დიეგო გარსიას ბაზის დაცვასა და უსაფრთხოებაზე.
ჩაგოსის კუნძულები 1814 წლიდან ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ იყო. ბრიტანეთმა კუნძულები მავრიკისგან 1965 წელს გამოყო, მავრიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე სამი წლით ადრე.