მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას, მას ეს სურვილი, უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია, გვდევნის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„საგამოძიებო კომისია თვითონ არის კანონის მიღმა, რადგან კონსტიტუციის 42-ე მუხლი განსაზღვრავს საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას. კონსტიტუციაში იმპერატიულად წერია, რომ, მინიმუმ, 50% საგამოძიებო კომისიის უნდა შედგებოდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან. მსგავსი რამ არ არის ამ საგამოძიებო კომისიაში, ის არის კონსტიტუციის დარღვევით შედგენილი, არის კანონის მიღმა, ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება არის კანონს მიღმა. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა ვერ იქნება დანაშაული, რადგან თვითონ საგამოძიებო კომისია არის კანონდარღვევით შექმნილი.
შემიძლია გითხრათ, რომ მე თვითონ გადავიხადე გირაო. არ მოვუწოდებ არავის, მაინც და მაინც მე მომბაძოს. მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას, მას ეს სურვილი, უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია, გვდევნის. მოყენებული გვაქვს მუხლი, რომელიც გულისხმობს ერთ წლამდე პატიმრობას, ეს იქნება მორიგი შეთითხნილი ბრალდება, მაგრამ მე გადავწყვიტე, არ გამეადვილებინა მისთვის ჩემი საპატიმროში გამომწყვდევა გირაოს არგადახდის გამო. ამასთან, აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იხდიან გირაოს, რადგან საგამოძიებო კომისია არის კანონს მიღმა, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი. ყველა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ასეთ კომისიას, არის კონსტიტუციის დარღვევის მომხრე. არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც დამისახელებს ერთ ოპოზიციონერს საგამოძიებო კომისიაში. გთხოვთ, დამისახელოთ ერთი ოპოზიციონერი საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც ერთი კრიტიკული შენიშვნა აქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.