ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს. იუწყება Sky News
დაკავებული უკრაინის მოქალაქე პეტრ პოჩინოკია. მანამდე ამავე საქმეზე დააკავეს უკრაინელი რომან ლავრინოვიჩი და უკრაინაში დაბადებული რუმინეთის მოქალაქე სტანისლავ კარპიუკი.
ლონდონის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 34 წლის პოჩინოკს, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით ცხოვრობს, ბრალად ედება ცეცხლის წაკიდება ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის განზრახვით. დღეს პოჩინოკი უნდა წარსდგეს უესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოს წინაშე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. ანალოგიური ბრალდება წაუყენეს ასევე 21 წლის ლავრინოვიჩს და 26 წლის კარპიუკს.
გამოძიება 8 მაისს ცეცხლის გჩენის სამ შემთხვევას ეხება. აფეთქდა მანქანა, რომელიც სტარმერმა გასულ წელს მეზობელს მიჰყიდა. ხანძარი გაჩნდა კენტიშ თაუნ სტრიტზე, სადაც სტარმერი პრემიერ-მინისტრობამდე და დაუნინგ სტრიტზე გადასვლამდე ცხოვრობდა.
შემდეგ, 11 მაისს, იზლინგტონში, ერთ-ერთი სახლის კართან მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ასევე გარკვეულწილად სტარმერთანაა დაკავშირებული.
12 მაისის დილით, ხანძარი გაჩნდა იმ სახლის შესასვლელთან, სადაც სტარმერი პრემიერ-მინისტრობამდე ცხოვრობდა; ამჟამად ის სტარმერის ნათესავს აქვს დაქირავებული.
თავად სტარმერმა განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებულ ქონებებზე თავდასხმები „ჩვენზე, დემოკრატიასა და იმ ღირებულებებზე თავდასხმა იყო, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ“.