გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები და გაშენებული ბაღები დაათვალიერა. მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს სახელმწიფო პროგრამები, მეტად განვითარდეს კერძო სექტორი, ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირი მწარმოებლებს, ფერმერებს და სახელმწიფოს შორის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პროექტს, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, შევხვდეთ მეწარმეებს და ფერმერებს, რომლებიც მხარდაჭერით სარგებლობენ და ვნახოთ, რამდენად წარმატებულები არიან, ვნახოთ, სახელმწიფოსგან რა ხელშეწყობა შეიძლება დამატებით დასჭირდეთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად განავითარონ საქმიანობა. ეს არის ღირებულებათა ჯაჭვის სრულად შექმნის და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონებში მწარმოებლებთან და ფერმერებთან შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება. პირდაპირი კომუნიკაციით სამინისტრომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს, თუ რა საჭიროებები არსებობს, რაში დაუდგეს სახელმწიფო მეწარმეებს და ფერმერებს გვერდში, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს.