ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ისაუბრა „მსურველთა კოალიციაში“ დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად მონაწილეობის შესაძლებლობაზე.
ბელგია მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევისთანავე უკრაინაში ჯარები გაგზავნოს.
„ჩვენ მზად ვართ, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად „მსურველთა კოალიციის“ შემადგენლობაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისთანავე დავიწყოთ ოპერაციები უკრაინის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ფრანკენმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
საუბარია პოტენციურ სამშვიდობო განლაგებაზე, რომლის მიზანია საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის შემდეგ სიტუაციის სტაბილიზაცია.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ სამხედრო ყოფნის კონკრეტულ რა ფორმატებზეა საუბარი.
„მსურველთა კოალიციას“ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, ასეთი კოალიციის მიზანია უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცაში, ზღვაში და ხმელეთზე და უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერა.