გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენებული ბაღები დაათვალიერა.
მინისტრი ქვემო ქართლში მაცხოვრებელ იმ ფერმერებსაც შეხვდა, რომლებმაც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლეს. ფერმერებმა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მინისტრისგან სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია.
დავით სონღულაშვილმა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიზნობრიობის აქტივობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის წარმოების ზრდის ტენდენცია, დიდწილად, სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვემო ქართლს ვაშლის, ატმის, ვაშლატამას, კაკლოვნების და სხვა პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის გამოყენების მიზნით, სახელმწიფომ ქვემო ქართლის რეგიონში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება 4600 ჰექტარზე მეტ ფართობზე 30 მლნ ლარზე მეტით დააფინანსა. შედეგად, ქართული ვაშლი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს აკმაყოფილებს და ექსპორტზეც აქტიურად გადის. ბოლო ათი თვის განმავლობაში, საქართველოდან ექსპორტზე 18.0 ათასი ტონა ვაშლი გავიდა, რომლის ღირებულებამაც 11.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
შპს „Cadel Business“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.
სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით კომპანიამ რამდენიმე წლის წინ ვაშლის ბაღი 11,2 ჰექტარზე გააშენა, რისთვისაც 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში აგროსესხმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პროგრამით „დანერგე მომავალი“ მეწარმემ 100,000 ლარის თანადაფინანსება მიიღო.
კომპანიამ „Cadel Business“ გასულ წელს ვაშლის მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდა, ძირითადად, ქსელურ მაღაზიებში „ნიკორასა“ და „ორ ნაბიჯში“. ვაშლის ბაღებიდან წელს კომპანია 500 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება.
დავით სონღულაშვილმა კომპანიის მსხლის თანამედროვე სტანდარტების ინტენსიური ბაღიც დაათვალიერა, სადაც მსხლის ევროპული ჯიშები - კაიზერი, კონფერენსი და ვილიამსია გაშენებული. მინისტრი კომპანიის ვენახშიც იმყოფებოდა. სასუფრე ყურძნის ჯიშის ვენახი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, 5 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსებამ 27,700 ლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული იმყოფებოდნენ.