უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს „დიპლომატიური მუშაობის“ საკითხები და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შემდგომი ქმედებები.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაკრონთან საუბარი „ძალიან შინაარსიანი“ იყო.
„ჩვენ ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მომზადებას მსურველთა კოალიციის ფარგლებში - ყველაფერი უფრო პრაქტიკული ხდება. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი არმიის მხარდაჭერა, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, უკრაინაში იარაღის წარმოება. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების და კოორდინაციის საკითხები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სტარმერთან საუბარს რაც შეეხება, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან მადლობა გადაუხადა კირ სტარმერს რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთის ახალი სანქციებისთვის, რომლებიც ევროკავშირის სანქციებთან ერთად იმავე დღეს დაამტკიცეს და აღნიშნა, რომ „კარგი იქნებოდა, თუ შეერთებული შტატებიც დაეხმარებოდა“.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მან და სტარმერმა ისაუბრეს დიპლომატიური მუშაობის დეტალებსა და „შესაძლო შეხვედრებზე, რომლებმაც რეალურად შეიძლება უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტა და მდგრადი მშვიდობისკენ სვლა“.
კერძოდ, მათ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი განიხილეს, რომელიც ორშაბათს ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ შედგა.
„ასევე განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ქმედებები მსურველთა კოალიციის ფარგლებში. შევთანხმდით, რომ მუდმივ კონტაქტს გავაგრძელებთ - თითქმის ყოველდღიურად“, - წერს ზელენსკი.