საზოგადოებისთვის სიახლე არაა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე არიან პიროვნებები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოპოზიციად ასაღებენ თავს, მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლებაზე მუშაობენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ვინ ვისთან კონტაქტობს და ვის ვისთან აქვს მიმოწერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის, ან თავის თავს ვინც ეძახის ოპოზიციურ პარტიას, იმის კონკრეტული ქმედება. საზოგადოება არის ყველაზე კარგი მსაჯული, ამიტომ საზოგადოება კარგად ხედავდა, ხედავს და დაინახავს მომავალშიც, ვინ როგორ იქცევა და ვინ უწყობს ხელს რეალურად ამ რეჟიმის მცირედით მაინც ლეგიტიმაციას. როგორც ყვავის გათეთრება არ გამოვა, ისე არ გამოვა მათი მხრიდან ამ რეჟიმის გათეთრება და გახეხვა. ვინც რეჟიმს უწყობს ხელს და ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციურ რიგებში, ამას საზოგადოება დღესაც კარგად ხედავს და მომავალშიც დაინახავს. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა მოსაზრებების გამოთქმა, ვის შეიძლება დავაბრალოთ ასეთი რაღაც“, – აღნიშნა ბარამიძემ.
ბარამიძის თქმით, საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, რომ არსებობენ პარტიები და პიროვნებები, რომლებიც თავს ოპოზიციად ასაღებენ.
„რამე სიახლეა საზოგადოებისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე არიან პიროვნებები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავს ასაღებენ ოპოზიციად, მაგრამ სინამდვილეში თანამშრომლობენ ამ რეჟიმთან? მგონი, საქართველოში 200-მდე პარტიაა თუ მეტი, არ ვიცი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვინც ირქმევს, პარტია ვართო, ის ხომ არ არის პარტია? ვინც ირქმევს, რომ პოლიტიკოსი ვარო, ყველა ხომ არ არის პოლიტიკოსი, ან ვინც ირქმევს, რომ ოპოზიციონერია, ის ხომ არ არის ოპოზიციონერი? ხომ ვიცით, რომ თავის თავს უწოდებენ ოპოზიციას, მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლებაზე მუშაობენ, მგონი, ეს ახალი არ არის და არც ახლა თქმულა ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი. ყველაფერს ავლენს ქმედება ამა თუ იმ პიროვნების თუ პოლიტიკური ორგანიზაციის, შესაბამისად, ჩვენ აქ ვინმეს სასამართლო პროცესების მოწყობით არ ვართ დაკავებულნი. მსაჯული არის ქართული საზოგადოება და, შესაბამისად, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნები და თვითონ განსაზღვროს, ვინ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ვინ ემსახურება ცრუ ოპოზიციის სახით ამ მოღალატეობრივ, კრიმინალურ რეჟიმს“, – განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კომპრომისს აპირებს ხელისუფლებასთან და „უკანა კარიდან ღამღამობით“ ბიძინა ივანიშვილთან დადის.