ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათანადო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ, რადგან საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა იმ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა, რომლებსაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო დაეკისრათ.
„ამ ადამიანების გადასაწყვეტია, რა სტრატეგიას აირჩევენ და რა მიდგომა ექნებათ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათანადო პასუხისმგებლობისთვის მზად იყვნენ, რადგან საზოგადოებისა და კანონმდებლობის აბუჩად აგდებას შესაბამისი რეაგირება ექნება. ისინი ამ შედეგებისთვის თუ მზად არიან, ეს მათი არჩევანია, გადაიხდიან თუ არა გირაოს. ისინი კანონს არღვევენ და ამას გამართლება ვერ ექნება იმ მიზეზით, რომ ვინმეს მიმართ პროტესტს გამოხატავენ. კანონი არსებობს, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. მათ იციან, მათ ქმედებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს და არჩევანი მათზეა“, – განაცხადა მახაშვილმა.