რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი დაასრულეს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
პუტინმა ტრამპთან საუბარს „მნიშვნელოვანი, გულწრფელი და ძალიან სასარგებლო“ უწოდა.
„პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადებასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისთვის, იმ მოლაპარაკებების განახლების საკითხში, რომლებიც, როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ 2022 წელს შეწყვიტა“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი პოზიცია საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და თავის მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთიც მხარს უჭერს უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.
ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ მშვიდობისკენ სწრაფვის ყველაზე ეფექტური გზები.
ჩვენ შევთანხმდით აშშ-ის პრეზიდენტთან, რომ რუსეთი შესთავაზებს და მზადაა უკრაინულ მხარესთან ერთად იმუშაოს მემორანდუმზე შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს რიგ პოზიციებს“, - განაცხადა პუტინმა.
ის ამტკიცებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მოგვარების პრინციპების საკითხებსაც მოიცავდეს.
მისი სიტყვებით, სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება აჩვენებს, რომ მხარეები „ზოგადად სწორ გზაზე არიან“:
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარი ძალიან კონსტრუქციული იყო და ამას ძალიან ვაფასებ.“
საკითხი, რა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა გამოიჩინონ მშვიდობის მაქსიმალური სურვილი და იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარეს მოერგება.
ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ, ზოგადად, რუსეთის პოზიცია ნათელია; ჩვენთვის მთავარია ამ კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა,“ - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი „მომხრეა საომარი მოქმედებების შეწყვეტის, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება“.