რუმინეთის ახალი პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი წერს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ესაუბრა.
ამის შესახებ ნიკუშორ დანი X-ზე წერს.
„ახლახან ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს. დავარწმუნე, რომ რუმინეთი კვლავაც ერთგული მოკავშირე იქნება. ამავდროულად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ნატო რუმინეთს ურყევ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ თავდაცვით ინვესტიციებზე ტრანსატლანტიკური კავშირის გასაძლიერებლად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც რუმინეთისთვის, ასევე ალიანსისთვის», - წერს დანი.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართა. გამარჯვება ცენტრისტმა, პროევროპელმა, ბუქარესტის ამჟამინდელმა მერმა ნიკუშორ დანიმ მოიპოვა
ამჟამად დათვლილია საარჩევნო ხმების 100% - საბოლოო ანგარიშით, დანმა ხმების 53.6% მოიპოვა, ხოლო ჯორჯე სიმიონმა - 46.4%.
4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ევროსკეპტიკური განწყობების მქონე პოპულისტი კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი პირველ ადგილზე გავიდა და ხმების 40,96% აიღო, ხოლო ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დენმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია, ხმების 20,99%-ით, მეორე ადგილი დაიკავა.
2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინკამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.
26 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს და გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.