აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აუცილებლად გააგრძელებს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის და „რეალისტურ და რაციონალურ“ მიდგომას.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და ძალიან სისხლიანი, ძვირადღირებული და დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ საჭიროა მოთმინების გარკვეული ელემენტი. მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგვიძლია დროის დაკარგვა. მსოფლიოში ბევრი სხვა რამ ხდება, რაზეც ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამიტომ არ გვინდა, ჩაბმული ვიყოთ უსასრულო მოლაპარაკებების პროცესში, უნდა იყოს გარკვეული პროგრესი, გარკვეული წინსვლა. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში თუ მივიღებთ ორივე მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტს და ის აჩვენებს, რომ ორივე მხარე მიდის დათმობებზე და არის რეალისტური და რაციონალური თავის მიდგომაში, მაშინ, ვფიქრობ, შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. თუკი ის, რასაც ვხედავთ, არ იქნება ძალიან პროდუქტიული, შესაძლოა, გვქონდეს სხვა შეფასება“, – განაცხადა რუბიომ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრის კომენტირებისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ლავროვმა აცნობა მას, რომ რუსეთი ამზადებს დოკუმენტს, რომელშიც წარმოდგენილია მისი „იდეები და მოთხოვნები“ ცეცხლის შეწყვეტისა და შემდგომი მოლაპარაკებების შესახებ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე საკუთარ წინადადებაზე იმუშავებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსული დოკუმენტი „საკმარისად ახლოს იქნება იმასთან, რაც უკრაინელებს სურთ, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ეტაპამდე მისვლა და ამ უთანხმოებების მოგვარება.