აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მოწვევას.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ხუთშაბათს, ანტალიაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
რუბიომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე ეწინააღმდეგება ზელენსკის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე მოწვევას, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.
„არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია“, - თქვა მან.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ანტალიაში გამართულ მინისტერიალზე „ჩემმა ბევრმა კოლეგამ წამოჭრა ზელენსკის მოწვევის საკითხი, ჩვენ წინააღმდეგი არ ვყოფილვართ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს დიდი ხანის პრაქტიკა აქვს, რომ თავის შეხვედრებზე ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც მიიწვიოს.
ხუთშაბათს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის და უკრაინის დელეგაციის ნატო-ს სამიტში მონაწილეობის საკითხს გენერალური მდივანი მარკ რუტე გადაწყვეტს.