გამორიცხულია, რევოლუცია ვერ მოხდება! არაფერი გამოუვათ! - რაც არ უნდა ეწვალონ, რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, როგორც მათი წინამორბედები წავიდნენ ხელმოცარულები, ზუსტად ასე წავლენ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჰაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე.
„ჩვენ ვთქვით, რომ სანქციებით ვერავის შეაშინებენ. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი ვართ. ჩვენ გვყავდა წინაპრები, რომლებიც ურდოებს ეომებოდნენ. დიდი იმპერიები ჩამოინგრნენ, არ არსებობენ, საქართველო კი დგას მართლმადიდებელი და ქართული ღირებულებებით და ასე გააგრძელებს მომავალში, სანამ ეს პლანეტა იტრიალებს. რაც შეეხება ამ „ჰერჩინსკებს“, რომლებიც არიან პირდაპირ ჩასაფრებულები, რომ ურთიერთობა გააფუჭონ ჩვენსა და ევროკავშირს შორის, ჩვენსა და ამერიკას შორის, ჩვენსა და ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არაფერი გამოუვათ. გამორიცხულია, რევოლუცია ვერ მოხდება. რაც არ უნდა ეწვალონ, რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, როგორც მათი წინამორბედები წავიდნენ ხელმოცარულები, ზუსტად ასე წავლენ, უბრალოდ ჩვენ დაგვრჩება ცუდი მოგონებები და ვიტყვით, რომ ის არ იყო კარგი კაცი და არ იყო კარგი დიპლომატი. ყველას მოვუწოდებ, დარჩნენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ ბევრი რამ ვიცით, ვინ როგორ და ვის ემსახურება. ჩვენ ვემსახურებით ქართულ ინტერესებს, ქართულ სახელმწიფოს, მათ მოვუწოდებთ, ემსახურონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას და არა პირიქით," - განაცხადა ზარქუამ.
პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში"“.