არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
„ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის! ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი - ორი ეროვნული, ქართული ოცნება: ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.