არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2 თებერვალს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის გადაკეტვის საქმეზე დაკავებული 8 პირის საქმე შეისწავლა. ორგანზაციების შეფასებით, ამ პირების დაკავება უკანონოა, მათ მიმართ დარღვეულია დაკავების ვადები და პროცედურები, უკანონოდ არის ჩატარებული ბრალდებულთა პირადი ჩხრეკები, უკანონოა ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალდები და საქმეში მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით.
„კანონის უზენაესობის ცენტრის“ დირექტორმა ლონდა თოლორაიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა საზოგადოებას გააცნეს საქმეში დარღვეული პროცედურები და მონაწილე მხარეები.
გთავაზობთ შეფასებას:
„ერთ დღეში კრიმინალიზებული გზის გადაკეტვა
ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას აქციის მონაწილეთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ამჯერად, ინფორმაციას მოგაწვდით 2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდიბარე ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის გადაკეტვის ფაქტზე დაკავებულ 8 პირზე.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ 2025 წლის 31 იანვარს, სასწრაფო წესით, ერთ დღეში, მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით ,,ქართულმა ოცნებამ“ ქ. თბილისში, „თბილისი მოლის“ წინ არსებული გზის მონაკვეთის გადაკეტვა, ბლიოკირება გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად. აღნიშნულის მიზანი იყო აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და ამ გზით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პროტესტის მუხტის შემცირება.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეცვალა პარლამენტის გვერდის ავლით, რაც ნონსენსი და სრულიად არადემოკრატიულია, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში არის კანონმდებლობის შემდეგი არსებითი დარღვევები: დარღვეულია ბრალდებულთა დაკავების ვადები და პროცედურები, უკანონოდ არის ჩატარებული ბრალდებულთა პირადი ჩხრეკები, უკანონოა ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალდება და საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით.
დარღვეულია დაკავების ვადები და პროცედურები
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირის დაკავება დაუშვებელია 72 საათზე მეტი ვადით. ამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული 8-ვე პირი დაკავებული იყო 72 საათზე მეტი ვადით – ჯერ ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ – სისხლის სამართლის წესით;
კერძოდ, 8-ვე პირი ადმინისტრაციულად დააკავეს 2025 წლის 2 თებერვალს, 18:05 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში. მათგან 7 დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი მათგანი – მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე;
საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმები დიდი ალბათობით გაყალბებულია. კერძოდ, საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ერთ-ერთ პირს აკავებენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები, თუმცა ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და საქმეში დაკითხული პოლიციის თანამშრომლის ჩვენების თანახმად, იგი დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა;
ზემოაღნიშნული 8 პირი, ადმინისტრაციულად დაკავებულები იყვნენ 24 საათზე მეტი ვადით, რაც კანონმდებლობის თანახმად, უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნება რატომ გაგრძელდა ადმინისტრაციული დაკავების ვადა;
2025 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8-ვე დაკავებული ფორმალურად გაათავისუფლა ადმინისტრაციული დაკავებიდან და ყველა მათგანი გათავისუფლებისთანავე დააკავა სისხლის სამართლის წესით – ნაწილი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო ნაწილი – დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზოში, ისე რომ ისინი არ გასულან სახელმწიფო კონტროლიდან. ისინი დააკავეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობის ბრალდებით;
4 თებერვალს, რვავე პირის დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც უკანონოა, ვინაიდან არ არსებობდა არც ერთი პირის გადაუდებლად დაკავების საფუძველი. ეს პირები 2 თებერვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 3 თებერვალს ანუ, დაკავებამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო დაკავების საკითხზე სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად;
სასამართლომ, დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინება გამოიტანა 2025 წლის 5 თებერვალს, 21:00 საათის შემდგომ, მათი დაკავებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ.
უკანონოა ბრალდებულებისთვის ჩატარებული პირადი ჩხრეკები
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს, სისხლის სამართლის წესით დაკავებისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, სასამართლო განჩინების გარეშე. არ არსებობდა დაკავებულებისთვის გადაუდებლად ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, ეს პირები 2 თებერვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 3 თებერვალს ანუ, დაკავებამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო ჩხრეკაზე სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად.
ამასთან, პირადი ჩხრეკის დროს დაკავებულებისგან ამოიღეს ნივთები, როლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს იმ დანაშაულთან, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მათ ედავებათ. კერძოდ, დაკავებულებს, პირადი ჩხრეკის დროს, სხვა ნივთებთან ერთად ამოუღეს: პირადობის მოწმობები, პასპორტები, ხის ჯვარი, საფულეები, პლასტიკური ბარათები), საცვლები, წინდები, ქამრები, ფეხსაცმლის თასმები, სიგარეტი.
შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უკანონოა პროკურორების შუამდგომლობები სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებები, რომლითაც კანონიერად იქნა ცნობილი ჩატარებული ჩხრეკები.
უკანონოა ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალი.
2025 წლის 5 თებერვალს დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ანუ იმ დანაშაულისსთვის, რომლის კრიმინალიზება ,,ქართულმა ოცნებამ“ 4 დღის წინ, სწორედ ამ მიზნით განახორციელა.
ბრალდების შესახებ რვავე დადგენილება აბსოლუტურად იდენტურია. დადგენილებებში მმითითებულია, რომ ბრალდებულები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავთა არაერთ მოწოდებას და ცდილობდნენ სტრატეგიული ობიექტის – საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის – ბლოკირებას, რაც ვერ შეძლეს პოლიციის თანამშრომელთა დროული რეაგირების შედეგად. ბრალდების დადგენილებებში მითითებული ბრალდების ფორმულირებები ემთხვევა ამავე პირების ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში მითითებულ გარემოებებს. ოქმებში მითითებული იყო, რომ ეს პირები იმყოფებოდნენ გზის სავალ ნაწილზე, არ ემორჩილებოდნენ პოლიციას და სცადეს შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა.
თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 2 თებერვალს, ბრალდებულთა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, დადგენილ ფაქტად მიიჩნევდა აქციის მონაწილეთა მიერ გზის გადაკეტვისა და ბლოკირების ფაქტს, მას ზემოაღნიშნული პირები უნდა დაეკავებინა არა არა ადმინისტრაციული, არამედ პირდაპირ სისხლის სამართლის წესით.
ამ პირთა ჯერ ადმინისტრაციულად და შემდგომ სისხლის სამართლის წესით დაკავებას შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი ახსნა – დაკავებულთა პატიმრობაში ყოფნის პერიოდის ხელოვნურად, განზრახ გახანგრძლივება, რაც უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს სისხლის სამართლის 147-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განზრახ უკანონო დაკავება. ამ დანაშულზე რეაგირება პროკურატურის მოვალეობაა.
ყველა ბრალდებულს ბრალად ედება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ბრალდებულთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით. თუმცა ბრალდების დადგენილებებში არ არის გამოკვეთილი თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური როლი, ჯგუფის თითოეული წევრის მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ვინაიდან საქმეში არსებული არც ერთი მტკციებულება ჯგუფის არსებობას არ ადასტურებს.
მტკიცებულებების მოპოვების დროს არსებითად დარღვეულია კანონმდებლობა
საქმეში პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების გარდა არ არსებობს დანაშაულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება. საქმეზე დართულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მხოლოდ დაკავების კადრები. გამოკითხული პოლიციის თანამშრომლების უმრავლესობა იდენტურ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას – იდენტურია ჩვენებების შინაარსი, წერტილ-მძიმე, სიტყვებს შორის დაშორება.
სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პროფილიდან, სახელად ,,ანუკი ჩიხლაძე“ ჩამოტვირთულია ტელეკომპანია ფორმულას მიერ გადაღებული 8 წამიანი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს მხოლოდ დაკავების კადრები. საქმის მასალები აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ამ მომხმარებლის ავთენტურობაზე. დიდი ალბათობით, აღნიშნული მომხმარებელი სპეციალურადაა შექმნილი პოლიციის მიერ ასეთი შემთხვევებისთვის, რათა ვიდეოჩანაწერებიდან ამოჭრან მათთვის სასურველი მონაკვეთი, ატვირთონ Facebook-ზე და შემდგომ მოიპოვონ მარტივად და სწრაფად, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მტკიცებულებად დამაგრებულია დათვალიერების გზით (ანუ, საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურამ თავიდან აიცილა ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, განჩინების აღება და ტელეკომპანია ,,ფორმულადან“ ინფორმაციის გამოთხოვა). როგორც ჩანს გამოძიებისთვის არც ტელეკომპანია ,,ფორმულასგან“ ტკიცებულებების გამოთხოვაა კომფორტული.
სასამართლო კონტროლი არის ფორმალური
ამ სისხლის სამართლის სამართლის საქმეშიც, ისევე როგორც აქციის მონაწილეთა მიმართ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებში, საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურასა და სასამართლოს შორის არის სწრაფი კოორდინაცია. სასამართლო შუამდგომლობებს აკმაყოფილებს იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ზოგჯერ ერთ საათზე ნაკლებ დროში. ცხადია, ეს მიუთითებს სასამართლო კონტროლის ფორმალობაზე, ვინაიდან შეუძლებელია ასე მოკლე დროში მოსამართლემ შეისწავლოს საქმის მასალები და მის საფუძველზე მოამზადოს განჩინება.
პროკურორი და მოსამართლეები:
პროკურორები:
• როინ ხინთიბიძე;
• ირაკლი ყვავაძე;
• ანა ლეკიაშვილი;
• ნათია ქართველიშვილი.
მოსამართლეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები:
• თამარ მახარობლიძე;
• ეკა ბარბაქაძე.
მოსამართლე, რომელმაც განიხილა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი:
• დავით კურტანიძე“, – აღნიშნულია განცხადებაში.