გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ოფიციალური სამუშაოსთვის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის, სულ მცირე, ათამდე ჩატს იყენებდა.
ანონიმური წყაროს მიხედვით, სწორედ ამ მესენჯერის საშუალებით დაავალა პიტ ჰეგსეტმა თანაშემწეებს, სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის ეცნობებინათ იემენში დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის მზადების შესახებ.
მათივე ცნობით, ამავე მესენჯერში ჰეგსეტი განიხილავდა მედიაში გამოსვლებს, საზღვარგარეთ ვიზიტებს, სამუშაო გრაფიკის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამ დაუცველი არხების საშუალებით აგზავნიდა შეტყობინებებს როგორც პენტაგონის ოფისიდან, ასევე პირადი ტელეფონიდან.
ამ ჩატებში პიტ ჰეგსეტი ამატებდა დაცვის წევრებს, ოფისის თანამშრომლებს, მოადგილეებსა და სხვა პირებს.
ცნობების მიხედვით, Signal-ის სხვა ჩატებში ჰეგსეთი საუბრობდა პირად საკითხებზე, პენტაგონის პროგრამების შემცირებებსა და ადმინისტრაციის დავებზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
WSJ-სთან ორმა წყარომ თქვა, რომ დამხმარეებისთვის გაცემული ბრძანება, მოკავშირეები სამხედრო ოპერაციის შესახებ გაეფრთხილებინათ, ყველაზე სენსიტიური ინფორმაცია იყო, რაც ჰეგსეთმა Signal-ის ჩატში მესიჯის სახით გაგზავნა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ არასამთავრობო საკომუნიკაციო აპლიკაციებს წინა ადმინისტრაციაც იყენებდა, თუმცა სენსიტიური ინფორმაციის მსგავს პლატფორმაზე გაზიარებით, შესაძლოა, ეს ყველაფერი აღმოჩნდეს მათ ხელში, ვისთანაც ამ ინფორმაციის გაზიარება არ შეიძლებოდა.