ამ აქტის დასახელება იმ კონტექსტს აბსოლუტურად არ შესაბამება, რომელიც ამ მოცემულობაშია წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „მეგობარი აქტის“ შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს განიხილავს.
„ეს არის მიკერძოებული ხასიათის. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება, მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას. მათ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს და კიდევ ერთხელ მიანდეს ამ ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის მართვა. ვიმედოვნებთ, ეს აქტი მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვანი პოსტულატები იქნება დაცული. ამ მხრივ აშშ-ს უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რაც მეგობრობისთვის არის მნიშვნელოვანი – უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შერბილება, პირდაპირი ფრენების დაწყება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და იმ დინამიკურ განვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც მნიშვნელოვანია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის.
შესაბამისად, ის მოცემულობა და მცდელობა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე თვალყურს ვადევნებთ, რომელიც კონკრეტული ძალების მიერ არის ნაკარნახევი და მათი უშუალო ჩართულობით ხდება ამ პროცესების განვითარება, წარმოადგენს უსამართლობას და ელემენტარულად საქართველოს უპატივცემულობას. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი, საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც „მეგობარი აქტი“ გახდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასევე მოიცავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვის პროცესის დაწყებას.
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.