"ერთიანობა ნაციონალური" მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე დღეს დილით განხორციელებულ ჩხრეკებს ეხმიანება და ამბობს, რომ რეჟიმის ეს ქმედება არც საერთაშორისო საზოგადოებას დარჩება შეუმჩნეველი და არც დაუსჯელი დარჩება კანონმდებლობით.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ფაშისტურ იდეოლოგიაზე დაყრდნობილი გლობალური რაშიზმი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს.
პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სადამსჯელო ოპერაციას ნანუკა ჟორჟოლიანის და იმ ფონდების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს, სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ისინი გვერდში უდგანან რიგით ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ მოღალატეობრივი კრიმინალური რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე ითხოვენ საქართველოში ნორმალური, ცივილიზებული ადმინისტრაციის და ხელისუფლების პირობებში, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
მინდა, რეჟიმის წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი ქმედება, არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც დაუსჯელი საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც ამის დრო მოვა.
მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი პატრონები - ეს გლობალური რაშიზმი, რასაც ჰქვია რუსული იმპერიალიზმი, დაყრდნობილი ფაშისტურ იდეოლოგიაზე, ეს რაშიზმი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს.
გარდა ამისა, ვხედავთ რა ვითარებაა მსოფლიოში, ნამდვილად არ არის ეს რუსეთის და რაშისტული იმპერიის სასარგებლოდ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს გაუხარდება. რაშიზმი აუცილებლად დამარცხდება და შესაბამისად, დამარცხდება რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში, - განაცხადა ბარამიძემ.
დღეს პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე მივიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებში.