დღეს დილით, გორში, სროლის შედეგად დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ამავე სროლას ემსხვერპლა მისი ვაჟი, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
მოკლული მამა-შვილი, გიორგი და დავით ცაციაშვილები არიან. ექიმების ცნობით, დაჭრილ დავით ცაციაშვილს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობით ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
დღეს დილით გორში, წმინდაწყალზე ორ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მამამისი კი დაიჭრა და კლინიკაში იყო გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, გორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ერთი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მომხართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს."
ფოტო: ქართლის ამბები