ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ განადგურდება ჰამასი, არ გათავისუფლდებიან მძევლები და ქვეყნისთვის საფრთხეები არ აღმოიფხვრება. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მთავრობას არ აქვს არჩევანი, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს ბრძოლა ჰამასის დაჯგუფების წინააღმდეგ ღაზის სექტორში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჰამასი უარს აცხადებს ისრაელის ბოლო შეთავაზებაზე, გაათავისუფლოს დარჩენილი მძევლები ჰუმანიტარული ზავის გაგრძელების სანაცვლოდ.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ დაასრულებს ომს, ვიდრე არ მიაღწევს სამ მიზანს: ჰამასის განადგურებას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და გარანტიას, რომ ღაზის ტერიტორია საფრთხეს აღარ შეუქმნის ისრაელის უსაფრთხოებას.
ნეთანიაჰუმ ასევე გაიმეორა თავისი დაპირება, რომ "ყველაფერს გააკეთებს", რათა ირანმა არასოდეს მოიპოვოს ბირთვული იარაღი, რაც რჩება მისი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
„ნეთანიაჰუ ქვეყნის შიგნით მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ისრაელელი მძევლების ოჯახები, ასევე რეზერვისტები და ყოფილი ჯარისკაცები სულ უფრო და უფრო ეჭვქვეშ აყენებენ ბრძოლის გაგრძელების მიზანშეწონილობას. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ისრაელმა დაკარგა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა გასულ თვეში ცეცხლის შეწყვეტის ჩაშლის შემდეგ“, - წერს Associated Press.
ისრაელი აცხადებს, რომ აპირებს გააძლიეროს თავდასხმები ღაზაზე და შექმნას მასშტაბური „უსაფრთხო ზონები“ რეგიონში, სადაც ახლა 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.