მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ კრემლს სურს მოლდოვის ხელისუფლების შეცვლა იმ ადამიანებით, რომლებსაც აკონტროლებს და შემდეგ ქვეყნის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახენ სანდუმ Jurnal TV-ის ეთერში განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა რჩება მოლდოვის ფარად და რომ კიშინიოვის ხელისუფლებას აქვს მორალური მოვალეობა, არ დაუშვას მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, სანდუმ უპასუხა, რომ მოსკოვი დიდ ძალისხმევას მიმართავს მოლდოვაში არჩევნების შედეგზე გავლენის მოსახდენად.
„ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელს და სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი წელსაც ეცდება, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. კრემლის მიზანია ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლა ისეთი ადამიანებით, რომლებსაც ის აკონტროლებს. საქმე არ ეხება მხოლოდ მოლდოვას, რადგან რუსეთის ინტერესი ახლა უკრაინაა. კრემლი თუ მიიღებს კონტროლს ხელისუფლებაზე, იგი გამოიყენებს მოლდოვას უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა სანდუმ.
მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ რუსეთი შეეცდება მოლდოვის ომში ჩათრევას.