იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWein Tokyo“ ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა.
სააგენტოს ცნობით, გამოფენას ,,Prowine Tokyo 2025” 50 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვანია იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის, ბაზარზე დამკვიდრებისა და სავაჭრო პარტნიორების მოძიებისთვის.
„ProWein Tokyo“-ს იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო. გამოფენაზე ღვინის წარსადგენად, ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა იაპონიაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
"ტოკიოში ასევე გაიმართა ქართული ღვინის საგანმანათლებლო მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც 30 ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. დეგუსტაციას უძღვებოდა საფრანგეთის ღვინის აკადემიის (Academie du Vin) ექსპერტი ფრედერიკ კაიუე (Frederic Cayuela), რომელიც იაპონიის ღვინის სფეროშიც მოღვაწეობს და იაპონურ კომპანიას „Oteroirs K.K.” წარმოადგენს. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის 7 ქართული ღვინო.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“, „Wine and Gourmet Japan“, „RAW Wine Tokyo”, „ProWein Tokyo”, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებში, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა; პარალელურად, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.