„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მათი ასეთი რეაქცია მიანიშნებს მხოლოდ პანიკასა და აგონიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს თავისი წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი მათ და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, თუმცა ამის მტკიცება მათ გაუჭირდებათ, რადგან ჩართული არიან აგენტურულ საქმიანობაში, პირდაპირი და გადატანითი პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი ცდილობენ ამ ქვეყნის დანგრევას, ომში ჩართვას და ყველაფრის ფასად ხელისუფლებაში მოსვლას, რასაც ასევე ძალიან ცუდი შედეგები უნდა მოაყოლონ. მათ აქვთ ასეთი დავალება. იმიტომ არ განსხვავდება მათი ე.წ. მესიჯბოქსი ერთმანეთისგან, არ განსხვავდება მათი მიზნები ერთმანეთისგან და რადგან ეს არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, ამაზე სახელმწიფო რეაგირებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აქ მეტი არაფერი ხდება. თუკი რომელიმე პარტიის საქმიანობა იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, და აქ მტკიცებულებების დონეზე ვსაუბრობთ ჩვენ, არამხოლოდ პოლიტიკური შეფასებების დონეზე, მაშინ პირიქით, მივესალმებით, რომ ოპოზიციურ ველზე რაც შეიძლება მეტი და ძლიერი პარტია იყოს. ეს არის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მაგრამ დღეს აგენტურულ პარტიებს მთლიანად იმდენად აქვთ ოპოზიციური ნიშა ათვისებული, რომ ვერცერთი ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ნიჭიერი, პატრიოტი ადამიანი ვერ ახერხებს ამ ველზე ოდნავ მაინც რაღაც ხარისხით შესვლას, იქედან გამომდინარე, რომ დიდი ფულით დაფინანსებული აგენტურული პარტიები ამ გასაქანს არავის აძლევენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პარტიებმა და ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ იწყებს პროცედურას. ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ძალას დაუპირისპირონ ძალა და თუ საჭირო იქნება, ფიზიკურად დაიცვან ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია.
„მოვუწოდებ პატრიოტებს, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, უნდა დავიცვათ ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია, ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.