გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქართული ჩაის წარმოების ხელშეწყობის და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მხრიდან ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე, მცირე მეწარმეების მხარდაჭერასა და სამომავლო პროექტებზე.
„ქართული ჩაის წარმოების გაზრდის მიზნით, სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, რაც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ფერმერებს. გარდა ამისა, მოქმედებს არაერთი პროგრამა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორებია. თუ საჭირო გახდა დამატებითი ჩართულობა, სამინისტრო მზადაა მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ სვანიძის განცხადებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ამ ეტაპზე, 2,050 ჰა ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული, რაც დარგისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა, თუმცა, გარკვეული გამოწვევები კვლავ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს ბაზრის 25% იკავებს, ექსპორტის მიმართულებით გარკვეული პრობლემები გვაქვს, სადაც სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი მხარდაჭერა გვჭირდება“, - აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა ესწრებოდნენ.