ჩვენმა მოქალაქეებმა შევქმენით ეს კანონმდებლობა, რომ პარტიების ადგილი, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან, არ არის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, არ უნდა დავტოვოთ არანაირი ხვრელი, რომ შემდეგ სააკაშვილის მსგავსმა ავანტიურისტებმა შეძლონ და სხვანაირი პარტია ჩამოაყალიბონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში ერთხელ უკვე მოხდა პარტიის აკრძალვა.
„ეს იყო კომუნისტური პარტია რომ აიკრძალა. სწორედ იმიტომ, რომ პარტიას ჰქონდა შექმნილი ტოტალიტარული რეჟიმი საბჭოთა კავშირის დროს და ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც შექმნა რეჟიმი წამების, რეჟიმი ბიზნესის რეკეტის და რეჟიმი საქართველოს სუვერენიტეტის დაქვეითების. ასე რომ, თავისთავად ბუნებრივია ეს რეაქცია. რაც შეეხება პრაქტიკაში როგორ ვხედავთ, საკითხი ძალიან მარტივია, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის მემკვიდრე პარტიის პრინციპი, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს, როდესაც პარტიის აკრძალვა ხდება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში აზრს დაკარგავდა პარტიის აკრძალვა. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ არსებობს პარტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიდის ზუსტად კონსტიტუციური პრინციპის წინააღმდეგ, ის გაუქმდა და ამ პარტიაში არის ვთქვათ, ასი ადამიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითი რომ ავიღოთ, ვთქვათ, გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგრამ ადგეს ეს ასი ადამიანი, მივიდეს საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდეს ახალ პარტიად, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ აზრს უკარგავს სამართლებრივ ინსტრუმენტს, რასაც ჰქვია პარტიის რეგისტრაციის გაუქმება და მისი გაუქმება?! ამიტომ, ეს თავისთავადი პროცესია. ერთადერთი, ჩვენ კანონმდებლობაში ამის სამართლებრივი მექანიზმი, პროცედურები არ იყო გაწერილი, მნიშვნელოვანია, გაწერილი იყოს და ესეც არის ინიცირებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლო ერთი მხრივ, აუქმებს პარტიას და შემდეგ, თუკი წარმოიშვა გარკვეული მემკვიდრე პარტია არსებითად იგივე შემადგენლობით, იგივე პოლიტიკური კონცეფციით, თუ პლატფორმით, რომელიც შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვით, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, არის თუ არა ეს მემკვიდრე პარტია და იმ შემთხვევაში, თუ ამას დაადგენს, აკრძალავს ამ პარტიასაც.
„ჩვენმა მოქალაქეებმა შევქმენით ეს კანონმდებლობა, რომ პარტიების ადგილი, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან, არ არის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, არ უნდა დავტოვოთ არანაირი ხვრელი, რომ შემდეგ სააკაშვილის მსგავსმა ავანტიურისტებმა შეძლონ და სხვანაირი პარტია ჩამოაყალიბონ, სხვანაირი სახელი დაარქვან და გადაფუთონ, რაშიც ისინი ოსტატები არიან. ამას არ აკეთებენ მთელი ეს პერიოდი?! ხან დაირქმევენ „დროას“, ხან დაირქმევენ „ლელოს“, ხან დაირქმევენ „გირჩს“ და ხან რას. ნიღბების შეცვლა მათ ძალიან კარგად ეხერხებათ და სწორედ ეს არის ამოცანა შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ დაადგინოს, ეს არის სინამდვილეში ასლი, გაგრძელება და მემკვიდრე იგივე პარტიის, იგივე ადამიანები, იგივე პოლიტიკური კონცეფცია ამ პარტიაში თუ არა და რა თქმა უნდა, შემდეგ ამ პარტიის გაუქმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.