საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ისინი „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ,- ამის შესახებ გენერალმა ზაზა გოგავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
გოგავას განმარტებით, შეიარაღებული ძალების მომზადება „საფრთხეებიდან გამომდინარე გამომდინარეობდა“.
„ის საკითხი, რაც აქ იხილება, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხია. ის, რომ რაიმე, ასპროცენტიანი მაჩვენებლები მოასწავებდა ამ ყველაფერს, არა, მაგრამ ძალიან ბევრი პროვოკაცია [იყო] რუსეთის ე.წ სამშვიდობოებიდან უფრო სამაჩაბლოს მიმართულებით, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით. 2008 წლის კომისიაზეც იმავე მაქვს ნათქვამი, სტენოგრამა გექნებათ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. თუ რამე აცდენა იქნება, იქ რასაც ვამბობ, ნებისმიერ რამეზე პასუხისმგებელი ვარ. ის, რომ რაიმე მოასწავებდა, რომ ჩემი ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ემზადებოდა ან ერთ ან მეორე სეპარატისტული რეგიონის მიმართ, არ ვიცი.. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ზაზა გოგავას წინ დაუჯდება და ეტყვის რომ ასე იყოო, ყველგან პასუხს გავცემ. საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს არ ემზადებოდა მისი ნაწილების წინააღმდეგ. საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ისინი „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ. თუმცა ის, რომ მისი საფრთხეებიდან გამომდინარეობდა შეიარაღებული ძალების მომზადება, ამას ვადასტურებ. ეს ასეც უნდა იყოს და დღესაც დარწმუნებული ვარ, ასეა“,- განაცხადა გოგავამ.