სამხედრო გეგმის მიხედვით, ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო, უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა [მომხდარიყო] როკის გვირაბით, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
"2008 წლის 6 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე დამირეკა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა და მიბრძანა გამოვცხადებულიყავი დისლოკაციის ადგილზე და პირადი შემადგენლობა სრულად გამომეძახა. მითხრა, რომ ეს არ არის სასწავლო განგაში. ამასთან, მომემზადებინა ჰოსპიტალი მოძრაობისთვის. გეგმა წინასწარ შემუშავებული გვქონდა.
ასევე, მომემზადებინა ჰოსპიტალი მარშისთვის და ხუთ საათზე გამოვცხადებულიყავი. ეს უკვე 7 აგვისტოს მინისტრთან სათათბირო დარბაზში. რა საკვირველია, ჩავედი საგურამოში, გავეცი შესაბამისი ბრძანებები, ხელი მოვაწერე შესაბამის ქაღალდებს. ჩემი შტაბის უფროსს და მოადგილეს დავავალე მოემზადებინათ კოლონა მარშისთვის, ჩაეტვირთათ შესაბამისი საჭირო ქონება და სამინისტროში გამოვცხადდი. ხუთი საათისთვის შეგროვილი იყო შეიარაღებული ძალების ყველა მეთაური. თათბირი გადაიდო, 8 საათისკენ [დაიწყო]. კარი გაიღო, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ ვანო მერაბიშვილი, შემდეგ შალვა ჯანაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი, ზაზა გოგავა. დასხდნენ თათბირი დაიწყო. სამხედრო ჯარების სარდალმა მოახსენა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბრძოლო მოქმედების დაწყება. გეგმაში ყველაფერი გაწერილია საათობრივად. ყველა პუნქტით, სადაც რომელი სამხედრო ნაწილი უნდა მდგარიყო, რომელ საათზე უნდა გამოცხადებულიყო, როდის უნდა გაშლილიყო და ა.შ. ამის დეტალურად ჰყვებოდნენ.
სამხედრო გეგმის მიხედვით, ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა [მომხდარიყო] როკის გვირაბით, რომელზეც დრო საკმაოდ შეზღუდული იყო. უნდა ჩაკეტილიყო როკი. ამის შემდეგ, ჯარის უკუქცევა ხდებოდა, მისი განთავსება ცხინვალის გარშემო და ცხინვალის იმდროინდელი ხელისუფლების, უზურპირებული მთავრობისა თუ ბანდის უფროსებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ მოწყვეტილები, მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ამასთან, საუბარი იმაზე, რომ არ მომხდარიყო უაზრო სისხლის ღვრა, წამოსულიყვნენ მოლაპარაკებებზე და ქართული ჯარი და პოლიცია ცხინვალში შეეშვათ“,- განაცხადა ქოიავამ.