ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას, რომელიც "საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას" ეხება, მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესში წარდგენილ რეზოლუციაში წერია:
- საქართველოში მზარდი პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოხატულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ გავლენა მოახდინა საქართველოში ადგილობრივ დემოკრატიაზე: ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც უარყო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ადგილობრივმა და რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლებმა; ასევე, ეს გაძლიერდა EU-ში გაწევრების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ;
- პოლიტიკური სივრციდან ოპოზიციის მარგინალიზაციამ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის არარსებობამ გამოიწვია პოლიტიკური პლურალიზმის დე ფაქტო გაქრობა, მათ შორის მუნიციპალურ საბჭოებში. ამ ვითარებამ გამოიწვია მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია და აიძულა ოპოზიცია, ბოიკოტი გამოეცხადებინა ყველა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის, რამაც შეამცირა მოლაპარაკებისა და მედიაციის სივრცე;
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა” და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) მიღების მეტად სადავო პროცესის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების, რომლებიც რთულ პირობებში მუშაობენ, დაშინება და დისკრედიტაცია, რაც ზღუდავს მათი გამოხატვის თავისუფლებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება დაცული, მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი უნდა იყოს მიუხედავად იმისა, კრიტიკულია თუ არა იგი ხელისუფლების მიმართ და მიუხედავად იმისა, ახდენს თუ არა მასზე გავლენას საერთაშორისო დისკურსი;
- სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპონენტების სასტიკმა რეპრესიებმა ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით, თბილისში, დაარღვია როგორც გამოხატვის, ასევე, შეკრების თავისუფლება. დამატებით, საქართველოში შეკრების თავისუფლება ასევე შეზღუდა ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სანქციების გაზრდასა და საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ – ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას უბიძგებს დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღებისკენ.
- სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ადგილობრივ დონეზე, ინსტრუმენტალიზაციამ გამოიწვია საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები, დაშინება და ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა;
- საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც გამოხატულია შეშფოთება საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიზებასთან, ადმინისტრაციული რესურსების მასშტაბურად ბოროტად გამოყენებასთან და საარჩევნო კამპანიების დროს ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, რაც ქმნის არათანაბარ პირობებს კანდიდატებს შორის და ამახინჯებს ამომრჩეველთა ნებას;
- საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ბოლო არჩევნების შემდეგ 20-ზე მეტჯერ შეიცვალა ფართომასშტაბიანი კონსულტაციების და კონსენსუსის გარეშე, რაც არ არის თანხვედრაში საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპთან. აღნიშნულმა ცვლილებებმა გააძლიერა მმართველი პარტიის გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რითაც საფრთხე ექმნება მის დამოუკიდებლობას
- შედეგად, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი პრობლემა და გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობის ჩამოშლას იწვევს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და აზიანებს ადგილობრივ დემოკრატიას, რაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების გასამართად ნდობაზე დაფუძნებული გარემოს არსებობის შესაძლებლობას არ ქმნის, მეტიც, უფრო ამწვავებს სიტუაციას.
კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები:
- დაუყოვნებლივ აღადგინოს პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის გზით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა შემცირდეს პოლარიზაცია.
- გააუქმოს საკანონმდებლო აქტები, რაც არღვევს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, და თავი შეიკავოს FARA-ს ამოქმედებისგან, ამასთან, არ განახორციელოს ქმედებები, რაც მეტად შეუშლის ხელს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ექნება მსუსხავი ეფექტი მედიასაშუალებებზე ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც საბოლოოდ დააზიანებს ადგილობრივ თვითმმართველობას საქართველოში;
- სრულფასოვნად გამოიძიოს თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი ქმედებების შემთხვევები მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ადგილობრივ დონეზე – გაათავისუფლოს დაკავებულები, მათ შორის ქალბატონი მზია ამაღლობელი;
- გააუქმოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი საკამათო ცვლილებები და ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეები აღადგინოს.