საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და უკან დაიხია, ეს როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირისთვის სამწუხაროა, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ყოველთვის კარგია გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული საუბარი. ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ისევე როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. საქართველო ფოკუს ქვეყანაა ჩვენი განვითარების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით. გვაქვს კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, რომლის შემდგომი გაღრმავება ორივესთვის მომგებიანი იქნება.
მისივე თქმით, კარგ პარტნიორებს შორის ყოველთვის შესაძლებელია გულახდილი საუბარი და დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რთული საკითხიც იყო დღის წესრიგში.
„უკრაინაში რუსეთის განგრძობადი, აგრესიული ომის კონტექსტში, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მედეგობის გაძლიერება. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინსტიტუციებისა და საზოგადოების დესტაბილიზაციის მცდელობას. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები რუსული მცდარი ნარატივებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. საერთაშორისო წესრიგი თუ დამყარებული იქნება არა კანონზე, არამედ ძალის იდეაზე, შედეგები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არიან ავსტრია და საქართველო, შესაძლოა, ფართო იყოს. ამიტომაც, ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი დისკუსიისა სწორედ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი იყო. კარგ პარტნიორებს შორის ყოველთვის შესაძლებელია გულახდილი საუბარი და დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რთული საკითხიც გვქონდა დღის წესრიგში. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ გზას, საქართველომ ამ გზას გადაუხვია და უკან დაიხია, ეს როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირისთვის სამწუხაროა.
ჩვენ ვხედავთ რეფორმების საჭიროებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. ვხედავთ უკუსვლას კანონმდებლობასთან მიმართებით, რაც უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებას და იმ ხარვეზებს, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. როგორც შედეგი – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მე მკაფიოდ ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და შესაბამისმა პირებმა უნდა აგონ პასუხი.
ძალადობაზე პასუხად, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარება, რაც ჯამში 220 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე შეაჩერა 30 მილიონი, რომელიც გათვალისწინებული იყო ევროკავშირის მშვიდობის მექანიზმის ფარგლებში და არ გვაქვს გეგმაში რაიმე სახის დახმარება 2025 წლისთვის. ავსტრია და ევროკავშირი გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პოლიტიკურ პირებს, დაძლიონ პოლარიზაცია“, – განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა. [საქართველოს პირველი არხი]