აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს, 14:00 საათზე ჩატარდება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ არსებობს საქმის შეწყვეტის რაიმე საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის წინასასამართლო სხდომა გაიმართა - საქმე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განიხილა.
ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა შვანგირაძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ შვანგირაძის მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. პროკურორებმა კი მას ნდობა გამოუცხადეს და თქვეს, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არ არსებობს.
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, სერგეი კუხარჩუკის საქმის პირველი არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აპრილს, 14 საათზე ჩაინიშნა.